თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს „კრისტალის“ ხელმძღვანელს ლევან დაუთაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და განჩინების გასაჩივრებას 48 საათის განმავლობაში აპირებს.
გამოძიება სისხლის სამართლის 288-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ბუნებისთვის საშიში ნივთიერებისა და ნარჩენების არასათანადო გამოყენებას, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. აღნიშნული მუხლი თავისუფლების 3-დან 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
წინა სასამართლო სხდომა ლევან დაუთაშვილის საქმეზე 27 აგვისტოს, 12:00 საათზე გაიმართება.
ჰაერში კონცენტრირებული ქლორის გაჟონვის შედეგად, 3 ივლისს ღამით, ლილოს, საქნავთის დასახლებაში 70-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ბავშვები და ფეხმძიმე ქალები. განსაკუთრებით მძიმეა 18 წლის ლაშა ნარიმანიძის მდგომარეობა, რომელიც დღემდე ინგოროყვას სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
კონცენტრირებული ქლორით სავსე ავზის მფლობელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორი ფირმა „კრისტალია“. მისი ხელმძღვანელი ლევან დაუთაშვილი პოლიციამ 4 ივლისს დააკავა.

















