საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის დაკავების საკითხს ეხმაურებიან.
როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, აღნიშნულ საკითხზე ქართულ მხარეს უკრაინის პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურას დაგზავნილი აქვს უკრაინული მხარისთვის შუამდგომლობა, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე. ხოლო, შემდგომი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს უკრაინის შესაბამისმა უწყებებმა. რაც შეეხება უშუალოდ დღეს განვითარებულ მოვლენებს, ამის შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურას უკრაინის გენერალური პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია“ - აცხადებენ პროკურატურაში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე საათის წინ დააკავეს.
უკრაინული მედიის ცნობით, მას ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ორი 256-ე და 110-ე მუხლით წარედგინება, რაც დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვას და სამშობლოს ღალატს გულისხმობს. მუხლი თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ითვალისწინებს.

















