პროგრამის „სასამართლო რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობა“ ფარგლებში, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სასჯელაღსრულების სისტემის საბადრაგო სამსახურის დებულების შემუშავების მიზნით, დღეს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იწყება და 8 ივლისამდე გაგრძელდება.
საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ინფორმაციით, შეხვედრა ლოპოტას ტბაზე შედგება.
დებულების პროექტი პატიმართა ტრანსპორტირებისას საბადრაგო სამსახურის უფლება-მოვალეობების გაწერას ისახავს მიზნად. განსაკუთრებულ ყურადღებას კი, პატიმართა ეტაპირების დროს ადამიანის უფლებათა პატივისცემაზე გაამახვილებენ.
შეხვედრაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
შეხვედრის შედეგად შემუშავებული საბადრაგო სამსახურის დებულება 2012 წლის 16 ივლისს დაგეგმილ მრგვალ მაგიდაზე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს წარედგინება.

















