ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე
ევროსასამართლოს დღევანდელი გადაწყვტილება არანაირად არ ეხება მერაბიშვილის პატიმრობის კანონიერების საკითხს.
მისივე თქმით, აღნიშნული განაჩენი არც ექს-პრემიერის გათავისუფლების საფუძველს იძლევა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ შევძელით იმ 9 მოსამართლის დარწმუნება, რომლებმაც მიიჩნიეს, რომ გაყვანის ფაქტს ადგილი ჰქონდა. რას ვიზამთ, სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს. თუმცა, ეს არანაირად არ ეხება პატიმრობის კანონიერებას, მითუმეტეს, გათავისუფლების რაიმე საფუძველს არ ქმნის.
პოლიტპატიმრობას რაც შეეხება, დიდმა პალატამ გასაგებად თქვა, ჩახედეთ გადაწყვეტილებაში 339-ე პუნქტს, სადაც მკაფიოდ ამბობს, რომ არანაირი პოლიტიკური მოტივი მის პატიმრობაში არ იკვეთება“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ, ძალაში დატოვა 2016 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველომ მერაბიშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია.

















