სახელმწიფო აუდიტის სამსახური არასამთავრობო ორგანიზაციების -„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“
და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წერილს სახელწოდებით - „რის გამო დაჯარიმდა ივანიშვილი“ პასუხობს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აღნიშნავენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ განცხადებაში აპელირებენ რამდენიმე გარემოებაზე, მათ შორის იმაზე, რომ ივანიშვილის მხარეს არ ჰქონდა სასამართლოზე დაცვის მოსამზადებლად საკმარისი დრო, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მტკიცებულებებად მხოლოდ ახსნა-განმარტებები წარადგინა და დაცვის მხარის არცერთი მნიშვნელოვანი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
„დამატებით, ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ „სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას გამოვლინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი „ხარვეზი“, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებას პოზიციურად ნეიტრალური სათაური აქვს, მასში მოცემულია საკმაოდ თამამი და ხმამაღალი დასკვნა - „ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმება არ იყო კანონის შესაბამისი“ - აცხადებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში და აღნიშნავენ, რომ არასამთავრობო ორაგანიზაციების ანალიზი არ იყო სრული, რადგან არ ასახავდა მეორე მხარის პოზიციას.
რაც შეეხება ივანიშვილის მხარის შუამდგომლობას პროცესის გადადების თაობაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებით, იგი არ იყო დასაბუთებული. კერძოდ, შუამდგომლობაში არ იყო მითითებული, თუ რომელი მტკიცებულების შესწავლა საჭიროებდა დამატებით დროს და რა მასალა იყო საქმეში ისეთი, რომელიც მხარისთვის უცნობი იყო.
„არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კონტროლის პალატა ასაბუთებდა სადავო კომპანიების ივანიშვილისადმი კუთვნილებას კომპანიათა გარკვეული თანამშრომლების ახსნა-განმარტებების საფუძველზე - რაც ცალმხრივი ანალიზის მორიგ მაგალითს წარმოადგენს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებათა მთელი სპექტრი, რომლითაც ერთიანობაში ეჭვმიუტანლად საბუთდება ბიძინა ივანიშვილის მიერ სხვადასხვა კომპანიების მეშვეობით შემოწირულობათა განხორციელება“- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ განცხადების ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები თავად ესწრებოდნენ სასამართლო პროცესს და მათ საშუალება ჰქონდათ, უშუალოდ მიეღოთ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი მასალების თაობაზე, თუმცა არასამთავრობოების განცხადებაში საერთოდ არ არის ნახსენები ის მტკიცებულებები, რომლებიც წარედგინა, როგორც სასამართლოს, ისე ივანიშვილის მხარეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ სრულიად გაუგებარია განცხადების ავტორთა აპელირება კახა კობიაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ნათესაური კავშირის ფაქტზე, რაც ივანიშვილის მხარესაც კი სადავოდ არ გაუხდია და არც უცდიათ ამგვარი კავშირის უარყოფა.
„განცხადების ავტორი ორგანიზაციებისგან განსხვავებით, რომლებიც გვთავაზობენ ტენდენციურ ანალიზს, ფაქტების არასრული წარდგენის გზით, ობიექტური დამკვირვებლისათვის, ჩვენს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით სრულიად ნათელი ხდება კობიაშვილისა და ივანიშვილის კავშირი და ამ უკანასკნელის მხრიდან, ოფშორული კომპანიების გამოყენებით უკანონო შემოწირულობის განხორციელება“- მიაჩნიათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში და ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ განცხადება - „რის გამო დაჯარიმდა ბიძინა ივანიშვილი“ - არ იძლევა პასუხს სათაურში დასმულ კითხვაზე, ვინაიდან მასში არ არის მოცემული დაჯარიმების სამართლებრივი საფუძვლის, აგრეთვე უკანონო შემოწირულობის განხორციელების სქემისა და სამართალდარღვევის ჩადენის მტკიცებულებითი მხარის ანალიზი.
„შესაბამისად, სრულიად გაუგებარი ხდება განცხადების დანიშნულება, სადაც მთელი მსჯელობა აგებულია არასრულად წარმოდგენილი ფაქტების ტენდენციურ განხილვაზე“- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამსახური მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციათა ინტერესს პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების საკითხებისადმი და მზად არის, განაგრძოს მათთან კონსტრუქციული თანამშრომლობა ამ მიმართულებით, თუმცა, აქვე გამოთქვამს სურვილს, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა აღნიშნულ პროცესში, თავი შეიკავონ ფაქტების დამახინჯებისა და სამართლებრივი საფუძვლების ტენდენციური ინტერპრეტაციისგან.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა წერილი სახელწოდებით „რის გამო დაჯარიმდა ივანიშვილი“ 28 ივნისს გამოაქვეყნეს, რომელშიც მოყვანილი იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების თაობაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებებისა და პროცესის მიმდინარეობის ანალიზი.

















