ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო
მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოაცხადოს.
განაჩენი თბილისის დროით 14:30 საათზე უნდა გამოქვეყნდეს.
საქმე ეხება მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდს.
როგორც ფრაქცია „ევროპული საქათველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ დიდი პალატა დაადგენს მე-18 მუხლის დარღვევას, იმის დასტური იქნება, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია და ის უნდა გათავისუფლდეს.
„ვანო მერაბიშვილის საქმე, ეს იქნება პირველი და ისტორიული საქმე, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, მთავარი მოლოდინი რაც მაქვს, არის რომ, სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება, რა თქმა უნდა, ობიექტური და დასაბუთებული. შინაარსთან დაკავშირებით, ნამდვილად, უფრო შორს ვერ წავალ, ამიტომ, ყველა უნდა დაელოდოს ამ გადაწყვეტილებას. რაც მთავარია, იმ შემთხვევაში თუ დიდი პალატა დაადგენს მე-18 მუხლის დარღვევას, რაც იმას ნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური ნიშნით დევნილი და პატიმარი, ხელისუფლებამ უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯი და გაათავისუფლოს მერაბიშვილი უკანონო პატიმრობიდან“ - აცხადებს ოთო კახიძე.

















