ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმის პროკურორის ირაკლი
მარშანიას განცხადებით, გამოძიებას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული ტერორისტული მიზნით ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და ფეთქებად ნივთიერებებს.
მისივე თქმით, არსებობს ყველანაირი საფუძველი იმისა, რომ დაკავებულს პატიმრობა შეეფარდოს.
„გამოძიების ამ ეტაპზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული გაერთიანდა ტერორისტულ ორგანიზაციაში. გარდა ამისა, მას ბრალი ედება იმაში, რომ ტერორისტული მიზნით შეიძინა, ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, მასალას და ფეთქებად ნივთიერებებს. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულს შეეფარდოს პატიმრობა, რაც გათვალისწინებულია სსსკ-ით“-განაცხადა პროკურორმა.
კითხვაზე თუ რომელი ტერორისტული ორგანიზაციის წევრია დაკავებული და სად იგეგმებოდა ტერაქტი, პროკურორმა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ისაუბრა.
„მე მესმის, რომ საზოგადოების მხრიდან საქმის მიმართ ინტერესი დიდია, თუმცა ასევე არსებობს გამოძიების ინტერესი და აქედან გამომდინარე, მიზანშეუწონლად მიმაჩნია, რომ ეს ინფორმაცია გავამჟღავნოთ. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ექსპერტიზები. ამ ეტაპზე ლიკვიდირებული პირების ვინაობა ინდენტიფიცირებული არაა“-განაცხადა ირაკლი მარშანიამ.

















