ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, თბილისში ჩატარებულ
სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ქართული სპეცსამსახურები მჭიდროდ თანამშრომლობენ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან.
მისივე თქმით, ალბათ მალე გაირკვევა თუ ვინ არიან ტერორიზმში ეჭვმიტანილები და აქვთ თუ არა მათ კავშირები როგორც ქვეყნის გარეთ ასევე ქვეყანაში.
„ზოგადად, ტერორიზმი არის მსოფლიო საფრთხე, რომელმაც არ დატოვა არცერთი ქვეყანა არცერთი კუთხე, სადაც არ შეაღწია ან არ მოიტანა ტკივილი. ჩვენი სპეცსამსახურები მჭიდროდ თანამშრომლობენ სხვა ქვეყნის, მეგობარი ქვეყნების სპეცსამსახურებთან და ალბათ ძალიან მალე ნათელი მოეფინება, რა იყო, რას გეგმავდნენ, ვინ არიან და თუ აქვთ, კიდევ რა კუდები აქვთ და რა კავშირები შეიძლება ჰქონდეთ მათ ქვეყნის გარეთ და ქვეყანაში“- განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია გუშინწინ გაიმართა, რომლის შედეგადაც ერთი პირი დააკავეს, სამი კი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციისას დაიჭრა ორი და გარდაიცვალა ერთი სპეცრაზმელი.

















