არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ არაოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ პირთა უფლებებს საკონსტიტუციო სასამართლოში დაიცავს. ამის შესახებ საიას მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც „ნიუსპრესს“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან აცნობეს, ორგანიზაციამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები ფირუზ ვანიევის და ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ტრისტან მამაგულაშვილის სახელით, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა.
საიას ინფორმაციით, მოსარჩელეების - მამაგულაშვილის სახლი სოფელ დვანსა და ვანიევის სახლი - ხურვალეთში არ მიუკუთვნება ოკუპირებულ ტერიტორიას. მოსარჩელეები 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, იძულებული გახდნენ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინათ და დღემდე ვერ ახერხებენ შინ დაბრუნებას, რადგან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ვერ აკონტროლებენ შესაბამის ტერიტორიას.
ახალგაზრდა იურისტები მიიჩნევენ, რომ არაოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი პირები მოკლებული არიან ,,დევნილთა შესახებ” კანონით დადგენილ იმ გარანტიებს, რითიც სარგებლობენ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები. კერძოდ, თავშესაფრით, სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით, დევნილის ფულადი შემწეობით, ასევე, რეაბილიტირებული საცხოვრებელი სახლების საკუთრებაში გადაცემით.
საია მიიჩნევს, რომ ომის შედეგად არაოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი პირები სახელმწიფოსგან ისეთივე დახმარებას საჭიროებენ, როგორც ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილები.
ორგანიზაციის განცხადებით, არაოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილების ,,დევნილთა შესახებ” კანონიდან გამორიცხვით, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებული თანასწორობის უფლება.

















