საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შს ახალი მინისტრი ბაჩო ახალაია სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შსს-ს თანანამშრომლებმა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ერთად,
არა მხოლოდ საქართველოს პოლიციის ისტორიაში, არამედ საერთოდ მსოფლიო სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის, ეპოქა შექმნეს.
მისი თქმით, ბაჩო ახალაია სამინისტროს თანამშრომლებისთვის უცხო ადამიანი არ არის.
მისივე ინფორმაციით, მას ჰყავს ძალიან ბევრი მომხრე, მაგრამ ამავე დროს - ძალიან ბევრი მტერი.
„ბევრი მტერი ჰყავს ძალიან კონკრეტული მიზეზების გამო. როდესაც ჩვენ ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დავნიშნეთ, ერთმა ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ მგონი ცუდად მიდის ჩვენი საქმე, რადგან 26 წლის ბიჭი ამას ვერ შეძლებსო“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მან კარგად იცის, რა უბედური სფერო იყო სასჯელაღსრულება. ბაჩო ახალაიამ კი, მისი ხელმძღვანელობა ძალიან კარგად შეძლო.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოში კრიმინალურ სისტემაში პირველი კანონიერი ქურდების დანაშაული, მეორე შრე - ქუჩის დანაშაული, მესამე -ციხიდან დანაშაულის მართვა და მეოთხე - სკოლებში ძალადობა და დანაშაული იყო.
მისივე თქმით, პირველი ორი კატეგორია აღმოიფხვრა, მესამე კი - ძალიან რთული იყო, თუმცა ახალაიამ მისი აღმოფხვრა მოახერხა.
„მაქვს პრეტენზია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პოლიცია გვყავს. ეს ხმამაღალი განცხადება არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალიზირებული, მაფიოზური, კორუმპირებული, ხელიდან წასული ქვეყანა ვიყავით“ - განმარტა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირის ბოლო სამი წლის კვლევები აჩვენებს, რომ საქართველო ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.
„ვისაც რა უნდა ის ილაყბოს. ეს არის სიმართლე. ჩვენ ვართ უფრო უსაფრთხო, ვიდრე დანია, საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი. ვისწავლოთ დაფასება თუ რამხელა რამეს მივაღწიეთ“ - აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ შეიარაღებულ ძალებთან ერთად პოლიცია ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სახელმწიფო ინსტიტუტია.

















