შინაგან საქმეთა სამინისტრო შალვა ხუციშვილის დღევანდელ კომენტართან დაკავშირებით,
რომელიც ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ შემთხვევას ეხებოდა, განცხადებას აკეთებს.
განცხადებას „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:
„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს განვმარტოთ, რომ არანაირი წინააღმდეგობა პროკურატურის განცხადებასა და შს მინისტრის მოადგილის დღევანდელ კომენტარს შორის არ არსებობს. ორივე შემთხვევაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი ფაქტის ამსახველი სრული ჩანაწერი არ არსებობს, ხოლო ფრაგმენტული ჩანაწერი გამოძიებას მიეწოდა.
შალვა ხუციშვილმა განმარტა, რომ შსს-მ მის ხელთ არსებული ყველა ჩანაწერი პროკურატურას გადასცა. მისივე ინფორმაციით, ამ ჩანაწერებზე დაფიქსირებულია პავლე პ.-ს ცუდად გახდომის შემდგომი ეპიზოდი, თუმცა, სამწუხაროდ, მათში არ არის ასახული მისი დაკავების მომენტი. აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ თავის განცხადებაში ზუსტად იგივე შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა.
შს სამინისტრო, გამოძიების ფარგლებში, მჭიდროდ თანამშრომლობს პროკურატურასთან. შსს, პირველ რიგში, თავადვეა დაინტერესებული, რომ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება”-ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, ნუცუბიძის პლატოზე ხუთი დღის წინ მომხდარი ფაქტის ნაწილობრივი ვიდეო-ჩანაწერი არსებობს.
ხუციშვილის თქმითვე, ჩანაწერში არის პაატა პავლიაშვილის ცუდად გახდომის მომენტი, თუმცა არ ჩანს მისი დაკავების ეპიზოდი.

















