საქართველოს პროკურატურამ, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე
თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მოქალაქე პ.პ.-ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.
ამასთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.
„საქმეზე დაგეგმილია და მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად. კერძოდ: გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა; მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები საქმესთან კავშირში მყოფი ვიდეოჩანაწერების მოპოვების მიზნით. გამოძიების ამ ეტაპზე უკვე გამოიკითხნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, თვითმხილველი მოწმეები და გარდაცვლილის ოჯახის წევრები. საქმეზე მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“- ნათქვამია განცხადებაში.

















