საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, მეუფე დიმიტრის განცხადებით,
ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიება კვლავ ბევრ კითხვას ტოვებს.
ამის შესახებ მეუფე დიმიტრიმ საპატიმროში მამა გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განაცხადა.
„მამა გიორგი არის კიდევ იმ აზრზე, რომ ეს არის შეთქმულება ჩემ წინააღმდეგ. ჩვენ ამაზე დიდხანს ვისაუბრეთ. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო შეთქმულება არა მხოლოდ ჩემ წინაღმდეგ, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ, ის ვინც ეს შეთხზა არის ძალიან ბოროტი ადამიანი, რადგან ჩემს საკუთარ გამზრდელთან, ბიძასთან, პატრიარქთან ამ ამბოხში ჩართულობასთან დაკავშირებით ამას ვერ მოიფიქრებდა ვერავინ.
ისევ თავის აზრზეა, რომ ეს მას მოუწყეს და ეს მოუწყო იმ ადამიანების ჯგუფმა, ვისაც ასახელებდა. აცხადებს, რომ მას ეს შეკვეთა შორენა თეთრუაშვილსგან ჰქონდა. ბოდიშიც მოიხადა, რომ ბევრ საკითხებს ჩემთან არ ათანხმებდა. მე ვკითხე, რომ თუ თეთრუაშვილმა შეუკვეთა, რატომ არ მოხვედი და ჩამაყენე საკმის კურსში, რაზეც თქვა, რომ მისი შეცდომა იყო.
ბევრი კითხვები დაგვიტოვა გამოძიებამ. უშუალოდ იმაზეც, ჰქონდა თუ არა ციანიდი, და მე აღვნიშნე, რომ ის, რომ მას ციანიდი ჰქონდა ვერ დადასტურდა. თავიდანვე პროკურატურასთან განვაცხადე, რომ ეს საზოგადოებაში არსებობს ბევრი კითხვა და ამას პასუხი უნდა გაეცეს.
ყველაზე მეტად თუ ვინმეს უნდა რომ მამა გიორგი გამართლდეს, ეს მე ვარ“- განაცხადა მეუფემ.
შეგახსენებთ, რომ მეუფე დიმიტრიმ დღეს საპატიმროში ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძე მოინახულა.

















