ცხინვალში დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის დაცვის ყოფილი წევრის ირბეგა ბეტეევის ავტომობილი დაცხრილეს, რომელშიც
სამი ადამიანი იმყოფებოდა.
სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ინციდენტი წუხელ გვიან ღამით მოხდა.
ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შსს–ს ინფორმაციით, ავტომანქანის სამივე მგზავრი დაიჭრა, მათ შორისაა ბეტეევი და მისი 16 წლის შვილი.
ექიმების განცხადებით, სახელმწიფო დაცვის ყოფილ წევრს და მის შვილს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. რაც შეეხება ირბეგა ბეტეევს, მისი მდგომარეობაც მძიმე, მაგრამ სტაბილურია.
დე-ფაქტო სამართალდამცავების ინფორმაციით, დამნაშავეების ვინაობა ჯერ უცნობია.

















