კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და მასში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს ჯარიმის გადახდის ვადა დღეს ეწურებათ.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ ადვოკატმა სანდრო ბარამიძემ განუცხადა, პარტიები დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.
მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში, იძულებითი აღსრულება დაიწყება.
„შესაძლოა, პარტიებს დაუყადაღონ ის ქონება, რაც მათ გააჩნიათ. ეს შეიძლება იყოს ფულადი სახსრები საბანკო ანგარიშებზე, უძრავ- მოძრავი ქონება, თუკი, ამგვარი აქვთ“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ბარამიძემ.
საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის დადგენილების საფუძველზე, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური სუბიექტები და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ 2 383 097 ლარით დააჯარიმა.
სასამართლოს დადგენილებით, აღნიშნული თანხა ექვს სუბიექტს - „რესპუბლიკურ პარტიას“, „თავისუფალ დემოკრატებს“, „კონსერვატიულ პარტიას“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ შორის გადანაწილდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ სარჩელი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე და იგი უცვლელი დატოვა.
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 476.614.51 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია „ქართული ოცნების“ საოფისე ფართებში, რომლითაც დღემდე სარგებლობენ პოლიტიკური სუბიექტები. შპს „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ განხორციელებული უსასყიდლო მომსახურება სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად უკანონო შემოწირულობად იქნა მიჩნეული.

















