შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის ცენტრში ლატვიის რესპუბლიკის
სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ სამი სამომსახურეო ძაღლისა და შესაბამისი აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია გაიმართა.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ღონისძიება პროექტის - „საქართველოსა და მოლდოვაში საზღვრის დაცვის კინოლოგიური სამსახურების შესაძლებლობების განვითარება“ და ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის კოლეჯსა და მიგრაციის პოლიტიკის საერთაშორისო ცენტრს შორის ხელმოწერილი საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში გაიმართა.
უწყების ინფორმაციითვე, შეხვედრაზე საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის და ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის კინოლოგებმა სასწავლო პროცესის ორგანიზების თეორიული და პრაქტიკული საკითხები განიხილეს.
პროექტის "საქართველოსა და მოლდოვაში საზღვრის დაცვის კინოლოგიური სამსახურების შესაძლებლობების განვითარება" ფარგლებში, საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოს პირადმა შემადგენლობამ, მიმდინარე წლის განმავლობაში, გადამზადების კურსი სამ ეტაპად, საქართველოში, მოლდოვასა და ლატვიის რესპუბლიკაში გაიარა.

















