თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი
მტკიცებულებები და მკვლელობის მცდელობისთვის და ცემისთვის ბრალდებული ნ.დ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ სცნო.
ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 20 მარტს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, ნ.დ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, გ.ქ.-ს დანით სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ხოლო დ.კ.-ს სცემა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გ.ქ.-ს გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ნ.დ. იმავე დღეს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (მკვლელობის მცდელობა), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა) წარედგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.დ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.

















