საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის ხომალდი -
TCSG-97 შემოვიდა. ხომალდის ეკიპაჟს თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის უფროსი, სერჟანტი იუნუს ოზჯანი მეთაურობდა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და თურქეთის სანაპირო დაცვის წარმომადგენლების მონაწილეობით ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა, რომელიც ერთობლივ მანევრებსა და ძებნა-გადარჩენის ოპერაციებს მოიცავდა.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ერთობლივი საზღვაო წვრთნების მიზანი იყო თურქეთის რესპუბლიკისა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.
თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის ხომალდის ვიზიტი თურქეთისა და საქართველოს სანაპირო დაცვის უწყებებს შორის 2017 წელს დაგეგმილი ორმხრივი ღონისძიებების და პერსონალის გაცვლის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული პროგრამა პარტნიორ ქვეყნებთან მეგობრულ ვიზიტებსა და შავ ზღვაზე ერთობლივი საზღვაო წვრთნების ჩატარებას ითვალისწინებს.

















