აღსრულების ეროვნული ბიუროს ქმედება კანონს აღარ ექვემდებარება - ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კოალიცია „ქართული ოცნების“ იურისტმა
შალვა თადუმაძემ განუცხადა.
მისი თქმით, უცნობია მიზეზი, რის გამოც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე „ქართუ ბანკის“ აქციების 100 პროცენტი არ გაიტანა.
„აღსრულების ეროვნული ბიურო კანონს აღარ ექვემდებარება, შესაბამისად, ვერ გეტყვით ეს ფაქტი რას უკავშირდება, რადგან ის რაც სააღსრულებომ აუქციონზე გაიტანა ბიძინა ივანიშვილს არ ეკუთვნის, გარდა „პროგრეს ბანკის“ 21%-ისა. შესაბამისად, ამას ვერც სამართლებრივად შევაფასებ“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ თადუმაძემ.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის საქმეზე დაყადაღებული ქონება აუქციონზე დღეს გაიტანა. უწყების განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ზე სს ,,ქართუ ჯგუფში" და აქციების 21.7%-ზე სს „პროგრეს ბანკში" აუქციონი გამოცხადდა.
განცხადებაში არ არის მოხსენიებული „ქართუ ბანკის“ აქციები, რომლის 100% სააღსრულებომ 26 ივნისს „ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს ბანკის“ აქციებთან ერთად დააყადაღა.
ივანიშვილს სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვის მიზეზით დაახლოებით 75 მლნ ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ჯარიმა უკანონოა და მის გადახდას არ აპირებს.

















