სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პენიტენციური დაწესებულებების
ხელმძღვანელებისთვის ტრენინგი "პენიტენციური დაწესებულების ეფექტიანი მართვა" დაიწყო. ტრენინგი უწყების სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - "ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში 2" ფარგლებში ტარდება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ანა ზეცი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე დაესწრნენ.
სასწავლო ცენტრში შემუშავებული პროგრამის მიხედვით, ტრენინგი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. სწავლების მიზანი პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებისა და მოადგილეების დაწესებულებების მართვასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმირებაა, რაც მათი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს.
სწავლების პირველ ეტაპზე ტრენინგის მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორებიცაა: ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლება, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის პრევენცია პენიტენციურ სისტემაში. ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვა პენიტენციურ სისტემაში.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, სამინისტრო ევროსაბჭოსა და ევროკავშირთან ერთად ისეთ პროექტს ახორციელებს, როგორიცაა: "ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებსა და დახურული ტიპის დაწესებულებებში".
"ექსპერტებისგან მოვისმენთ კვალიფიციურ მოსაზრებებსა და ანგარიშს. ვფიქრობ, აღნიშნული ტრენინგი პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პატიმრებთან უშუალო შეხება აქვთ. მათ ყოველდღიურ საქმიანობაში ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების დაცვა უწევთ, მეორე მხრივ, უსაფრთხოებისა და სარეჟიმო ნორმების შენარჩუნება, რომ ოქროს შუალედი არ დაირღვეს,"-განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ანა ზეცის განცხადებით, ევროპის საბჭო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის შესაძლებლობით მოხარულია.
"აღნიშნული ტრენინგი ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით ტარდება, რათა დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას პენიტენციური სისტემა მაქსიმალურად დაუახლოვდეს როგორც ევროპულ, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებს.
აღნიშნული ტრენინგი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ პენიტენციური სისტემისთვის ეროვნული სამოქმედო სტრატეგია შემუშავდება. ასევე, გაუმჯობესდება პენიტენციური დაწესებულებების მმართველი რგოლების შესაძლებლობები"-განაცხადა ანა ზეცმა.
პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ადამიანის უფლებათა დაცვაა.
"ქვეყანას ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია პირველად აქვს და ამ სტრატეგიის ნაწილი ადამიანის უფლებები და სასჯელაღსრულების სისტემაა. შეუძლებელია ეფექტიანი მართვის განხორციელება ადამიანის უფლებათა დაცვისა და იმ სტანდარტების გათვალისწინების გარეშე, რომელთაც სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები მოიცავს, რომლის ნაწილიც არის საქართველო. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფმა პირებმა დირექტორების სახით მიიღონ განახლებული ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებსა და მართვის სისტემაზე პენიტენციური დაწესებულებების შესახებ, მეორე მხრივ, კი იმ პრაქტიკულ გამოწვევებზე ვისაუბროთ, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად აწყდებიან,"-განაცხადა სოფიო ჯაფარიძემ.
უწყების ცნობით, პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელების გადამზადების მეორე ეტაპი მიმდინარე წლის ოქტომბერში განხორციელდება.

















