თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ლეიბორისტული პარტიისა“ და მისი
ლიდერის, შალვა ნათელაშვილის სარჩელი მოპასუხე საქართველოს მთავრობის მიმართ, არ დაკმაყოფილდა.
ამის შესახებ განცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
ლეიბორისტები საქართველოს მთავრობის იმ დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებას მოითხოვდნენ, რომლის თანახმადაც „112“-ის მომსახურება ფასიანი გახდა.
მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს შ.ს.ს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ”112”-ის მომსახურების საფასური, რომლის გადამხდელებიც არიან ფიქსირებული გეოგრაფიული და არაოგეოგრაფიული ზონის და მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები. იმავე დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცდა, რომ ყოველ კალენდარულ თვეში ფიზიკურმა პირებმა უნდა გადაიხადონ -0.20 ლარი, ხოლო იურიდიულმა პირებმა -0.50 ლარი, იგივე ტარიფი დაწესდა მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტებისთვის სააბონენტო ნომერზე.
მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ თითოეულ აბონენტს საკუთრებაში აქვს მრავალი სატელეკომუნიკაციო საშუალება და ისინი იძულებულები არიან ”112”-ის საფასური გადაიხადონ იმდენჯერ, რამდენი სატელეკომუნიკაციო საშუალებაც გააჩნიათ, ვინაიდან თითოეულ ნომერზე ცალკე ხდება აღნიშნული თანხის დარიცხვა.
მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
„სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული დადგენილების კანონთან შეუსაბამობა არ დადასტურდა“ - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
მისივე ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისთვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

















