ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, გამოძიებას საფუძვლად "ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტის განცხადება დაედო, რომლის მიხედვითაც, „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისთვის შეგროვებული თანხების არამიზნობრივ ხარჯვას.
ფონდის ხელმძღვანელი გურამ ახალაია ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილ ფაქტებს დეზინფორმაციას უწოდებს და დაწყებულ გამოძიებასთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ საქართველოს პროკურატურას 14 სექტემბერს პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანა“-ს საქმიანობის დაინტერესებისაკენ მოუწოდა. განცხადება აფბა-ში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ფონდის შესახებ PosTV-მ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

















