ლიბიაში, თურქეთიდან მიმავალი გემის 3 ქართველი მეზღვაური ციხეში გადაიყვანეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მამუკა ახალაძის განცახდებით, საქმე სავარაუდოდ, არალეგალურ ნაოსნობასა და არალეგალურ ტვირთს ეხება.
„სააგენტოში შემოვიდა განცხადება მოქალაქისგან, სადაც ის იტყობინებოდა მათი ოჯახის წევრის, მეზღვაურის, გემის კაპიტნის დაკავებას ლიბიაში. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 30 აგვისტოს, ლიბიის ტერიტორიულ ზღვაში დააკავეს გემი, სახელწოდებით „რექსი,“ რომელზეც იმყოფებოდა ეკიპაჟის 11 წევრი და სამწუხაროდ სამი ქართველი მეზღვაური. გემი დააკავა ლიბიის სანაპირო დაცვამ, ე.წ. ცხელ კვალზე დევნის პრინციპით და სავარაუდოდ საქმე ეხება არალეგალურ ნაოსნობას და არალეგალურ ტვირთს. ეკიპაჟის 11-ვე წევრი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც ამჟამად გადაყვანილნი არიან ციხეში და მიმდინარეობს მოკვლევა,“-განაცხადა მამუკა ახალაძემ.

















