საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, უკრაინაში საქართველოს მესამე
პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით არა ახალი, არამედ იგივე დოკუმენტები გადაიგზავნა, რაც მანამდე.
ამის შესახებ წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
„უკრაინულმა მხარემ იკითხა, რამდენიმე დღის წინ, რომ ის დოკუმენტაცია და ექსტრადიციის მოთხოვნები იყო თუ არა დღესაც ძალაში, რაზეც პასუხიც მიიღო პროკურატურისგან, საქართველოდან, რომ დიახ, ის მოთხოვნები დღესაც ძალაშია და კიდევ ერთხელ თავის დაზღვევის მიზნით გადაიგზავნა იგივე დოკუმენტები, შესაბამისად მორიგჯერ, უკრაინულ მხარეს აქვს მოთხოვნა განახლებული იგივე დოკუმენტაცია და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გუშინდელი კომუნიკაციებიდან, ჩვენს უკრაინულ კოლეგებთან, იქ მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები, განახლებული პროცედურები, რაკი ჩვენგან შეიტყვეს, რომ ინტერესი და სამართლებრივი მოთხოვნა საქართველოს მხრიდან კვლავ ძალაშია.
უკრაინული მხარე რისთვისაა მზად, არ შეიძლება ქართულმა მხარემ იცოდეს“- განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უწყებამ უკრაინულ მხარეს საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა.

















