გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის ყარაბაღში კვლავ შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდებოდა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სომხური მხარე 11 ივნისის დილიდან ამ დრომდე ინტენსიურად ისროდა ტერტერის, აგდამის, ხოჯავენდის, ჯებრაილის და სხვა რაიონების მიმართულებით.
აზერბაიჯანულმა მხარემ საპასუხო ცეცხლი გახსნა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულები და დაჭრილები არ არიან.
სომხური მედიის ცნობით კი, გასული კვირის განმავლობაში მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიასა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დაშორიშორების ხაზზე აზერბაიჯანული მხარის მიერ დაახლოებით 1 400-ჯერ იყო დარღვეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. სომხურმა მხარემ აღკვეთა დივერსიულ-სადაზვერვო ოპერაციების განხორციელების მცდელობები.
ამასთანავე, სომხური მხარე იუწყება, რომ აზერბაიჯანული უპილოტო საფრენი აპარატები სადაზვერვო ფრენებს ახორციელებდნენ და არღვევენ მთიანი ყარაბაღის და სომხეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეს.

















