ცხრა ადამიანი დაშავდა დღეს აფეთქების შედეგად, რომელიც დნეპროპეტროვსკში, ცენტრალურ პროსპექტზე მოძრავ #1 ტრამვაიში მოხდა. დაჭრილთა შორის ერთი მოზარდია.
„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთი მგზავრის კუთვნილი ტყვია-წამლის ფხვნილის აალებამ გამოიწვია. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უკრაინის შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ვლადიმერ პოლიშჩუკის განცხადებით, აალება მგზავრის მიერ ფხვნილთან გაუფრთხილებელმა მოპყრობამ გამოიწვია.
„ტრამვაის ერთ-ერთ მგზავრ მამაკაცს შეძენილი ფხვნილის და კაფსულების ქილა ხელიდან შემთხვევით გაუვარდა. ვარდნისას უმნიშვნელო დეტონაცია მოხდა, ფხვნილი აალდა და მამაკაცმა დამწვრობა მიიღო“ - განაცხადა პოლიშჩუკმა.
„ინტერფაქსის“ ცნობით, მომხდარში დამნაშავე ზაპოროჟიელი 40 წლის მამაკაცი, დნეპროპეტროვსკის მონადირეთა და მეთევზეთა საზოგადოების წევრია.
ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ვიღაცამ ტრამვაის სალონში „ასაფეთქებელი ნაკეთობა“ შეაგდო, რის შემდეგ, მგზავრებს შორის პანიკა დაიწყო.
ოლქის პროკურატურაში განაცხადეს, რომ ტრამვაიში აფეთქება არ მომხდარა. მიუხედავად ამისა, საშიში ნივთიერებების ტრანსპორტირების წესების დარღვევის მუხლით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
დნეპროპეტროვსკში წელს ეს უკვე მეხუთე აფეთქებაა. მიმდინარე წლის 27 აპრილს ქალაქში ზედიზედ ოთხი აფეთქება მოხდა, დაშავდა 30 ადამიანი. ასაფეთქებელი მოწყობილობები ნაგვის ურნებში იყო დამონტაჟებული. დააკავეს ოთხი პიროვნება.

















