ავღანეთში, ქვეყნის აღმოსავლეთით აფეთქების შედეგად, ოთხი უცხოელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ნატო-ს ISAF-ის წარმომადგენლობა დეტალებს არ ახმაურებს, თუმცა, ავღანელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კაპისას პროვინციაში ოთხი ფრანგი ჯარისკაცია დაღუპული.
აფეთქების ფაქტზე პასუხისმგებლობა თალიბანის დაჯგუფებამ აიღო.
ავღანეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თვითმკვლელი ჯარისკაცებს მიუახლოვდა და თავი აიფეთქა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ავღანეთში ძალადობის ფაქტები გაიზარდა. თალიბების სამიზნე, როგორც ავღანეთის ძალები, ასევე, უცხო ქვეყნის 130 000 ჯარისკაცი რჩება.
საფრანგეთი ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მეხუთე კონტრიბუტორი ქვეყანაა. სამშვიდობო ოპერაციაში დაახლოებით 3 300 ფრანგი ჯარისკაცი მონაწილეობს.

















