პაკისტანში ავტობუსის აფეთქების შედეგად, რომელსაც სახელმწიფოს მიერ დაქირავებული მუშები გადაჰყავდა, 18 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ასაფეთქებელი ნივთიერება იმ გზაზე იყო დამონტაჟებული, სადაც ავტობუსს უნდა გაევლო. ბომბი ავტობუსის ჩავლის შემდეგ ავტომატურად აფეთქდა.
აფეთქება პოლიციის სამმართველოსთან ახლოს, სოფელ გულ ბელას მთავარ გზაზე მოხდა, რომელიც პეშავარის ჩრდილოეთ გარეუბანში მდებარეობს.
დაზარალებულები პეშავარის საავადმყოფოში მოათავსეს. დაღუპულთა შორის, ოთხი ბავშვი და რამდენიმე ქალია.
პეშავარი პაკისტანში უკანონო დაჯგუფების - თალიბების და ალ ქაიდას მებრძოლების ზონაში მდებარეობს. ქალაქის შემოგარენში მიმდინარე წელს მათთან შეტაკების შედეგად დაახლოებით ასი ადამიანი დაიღუპა.
ბოლო შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ჯგუფს არ აუღია. ტერაქტის წინა დღეს, პაკისტანის ქალაქ ქუტაში ბომბის აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

















