დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ თავიანთი ქვეყნებიდან სირიის ელჩების გაძევებაზე განცხადებები გააკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრასნს-პრესი“ ავრცელებს.
ოფიციალურმა ლონდონმა და ბერლინმა ეს გადაწყვეტილება ავსტრალიისა და საფრანგეთის კვალდაკვალ მიიღეს.
ევროპის დიპლომატიურ წრეებში წყაროს ცნობით, დიპლომატების გაძევების შესახებ განცხადებები, შესაძლოა, ესპანეთმა, იტალიამ და სხვა ქვეყნებაც გააკეთონ.
„როიტერის“ ინფორმაციით, კანადის ხელისუფლებამ ევროპელი მოკავშირეების მაგალითს მიბაძა და სირიელ დიპლომატებს, რომლებიც ოტავაში მუშაობენ, ბარგის ჩასალაგებლად 72 საათი მისცა.
ამ ქვეყნებმა ეს გადაწყვეტილება „სირიის მეგობართა“ ჯგუფის პარიზის კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. საგანგებო შეხვედრა სირიის ქალაქ ჰულაში განვითარებული მოვლენების შედეგად გაიმართა, სადაც სამთავრობო ფორმირება „შაბიხამ“ ერთ დღეში ასზე მეტი მშვიდობიანი სუნიტი მოკლა.
სირიის ხელისუფლებამ მომხდართან კავშირი უარყო და განაცხადა, რომ ხალხი „ტერორისტული შეიარაღებული ბანდის“ წევრებმა დახოცეს. თუმცა, მათ ვინც ამ საშინელებას გადაურჩა, დაჟინებით განაცხადეს, რომ მათ ახლობლებს სწორედ ალავიტი ბოევიკები ხოცავდნენ, რომლებსაც ფინანსურად ოფიციალური დამასკო უზრუნველყოფს.
სირიის კონფლიქტის დროს, გასული წლის მარტიდან დღემდე, 13 ათასამდე კაცია დაღუპული.

















