ჩიკაგოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის მონაწილეებმა სხდომაზე ავღანეთში დაღუპული სამხედროების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება ავღანეთსა და მასთან დაკავშირებული, მათ შორის მისი დაფინანსების საკითხების განხილვას დაეთმო.
სამიტის ფარგლებში, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ ყარზაისა და სხვა ლიდერებს შეხვდა.
ობამამ ხაზი გაუსვა, რომ ავღანეთიდან ნატო-ს სამხედროების დატოვებამდე ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.
გამოწვევა ჯერ კიდევ არსებობს, ქვეყანაში ხალხი კვლავ იხოცება, წინ რთული დღეებია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სწორ გზას ვადგავართ და ვიპოვით პრობლემების გადაჭრის ჭკვიანურ მეთოდს” -აღნიშნა ობამამ სამიტის გახსნისას.
როგორც ყარზაიმ განაცხადა, ავღანეთი სრულად აღიქვამს იმ პასუხისმგებლობას, რაც მას დაეკისრება.
საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა ქვეყანა 2014 წლის ბოლომდე უნდა დატოვონ.
„ჯარების გამოყვანა არ დაჩქარდება. ჩვენ ძველებურად გავაგრძელებთ ავღანეთში ოპერაციას და წარმატებულად დავასრულებთ“- ხაზი გაუსვა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა
ავღანეთში 2014 წლის შემდეგ, დარჩენილ საერთაშორისო ძალებს მხოლოდ რჩევის მიცემისა და წრთვნის ფუნქცია ექნებათ.
დღეს სამიტის მუშაობის ბოლო დღეა.
სამიტი პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების ფონზე მიმდინარეობს. დაპირისპირების შედეგად, ოთხი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, აქციის 45 მონაწილე დააკავეს.

















