რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში აქცია - „სახალხო გასეირნების“ 15-მდე მონაწილე დააკავეს.
„лента ру“-ს ინფორმაციით, მოსკოვის პოლიციამ აქციის მონაწილეები მეტროს სადგურ „ბარიკადნაიასთან“ დააკავა.
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დაპატიმრებულთა შორისაა ოპოზიციური პარტია - „სოლიდარნოსტის“ ლიდერი ილია იაშინი, რომელიც ამ დრომდე საპატიმროში რჩება.
„ბარიკადნაიასთან“ ოპოზიციის ბანაკი „ჩისტიე პრუდიზე“ დემონსტრაციის დარბევის შემდეგ შეიქმნა. გუშინ ღამით კი, პოლიციამ კარვებში მყოფი ხალხის დაშლა დაიწყო, რის საფუძვლადაც სამართალდამცავებმა სასამართლოს გადაწყვეტილება მოიყვანეს.
საპროტესტო აქციები მოსკოვში რამდენიმე კვირაა გრძელდება. ოპოზიციონერთა ლიდერების განცხადებით, ისინი მშვიდობიანი აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.
რუსეთის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალების მორიგი ფართომასშტაბიანი მარში, 12 ივნისს იგეგმება.

















