ინდონეზიაში გაუჩინარებული თვითმფრინავის „Sukhoi Superjet 100“ ბორტზე მყოფი რუსეთის 8 მოქალაქის ვინაობა დადგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
თვითმფრინავი რადარიდან დღეს ჯაკარტაში მესამე საჩვენებელი ფრენის დროს გაქრა. ფრენა ნახევარი საათი უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, უკვე რამდენიმე საათია თვითმფრინავიდან სიგნალი არ მოდის. მონაცემები არც ავარიული რადიოშუქურიდან ვრცელდება.
ცნობილია, რომ რუსული თვითმფრინავი რადარის ხედვის არედან, დღეს მას შემდეგ გაქრა, რაც 3 ათასიდან 2 ათას მეტრზე დაშვების ნებართვა ითხოვა. ცნობილია, რომ ამ რაიონში 2 ათას მეტრზე მეტი სიმაღლის მთა მდებარეობს.
თვითმფრინავში 44 მგზავრი იმყოფებოდა, აქედან 8 რუსეთის მოქალაქეა.
„Sukhoi Superjet 100“ ინდონეზიაში აზიის ქვეყნებში ტურის ფარგლებში იმყოფებოდა. სულ 6 ქვეყანაში ვიზიტი იგეგმებოდა.
მიმდინარეობს თვითმფრინავის ძებნის სამუშაოები.
„Sukhoi Superjet 100“ ახალი თაობის რეგიონალური თვითმფრინავია. მისი პირველი გაფრენა 2008 წელს განხორციელდა.
ინდონეზიაში თვითმფრინავის დაკარგვის რამდენიმე ვერსიას შორის ერთ-ერთი მისი გატაცებაა, რადგან სპეციალისტთა განცხადებით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემთხვევაში, ავარიული გადამცემი უნდა ჩართულიყო.

















