სირიის სამხრეთით მდებარე ქალაქ დაარასთან აფეთქების შედეგად, ექვსი სირიელი ჯარისკაცი დაშავდა.
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, გაერო-ს სამეთვალყურეო მისიის ავტოკოლონა ტერაქტს სასწაულებრივად გადაურჩა.
ქალაქ დაარასთან სამეთვალყურეო მისიის ავტოკოლონა და სირიის სამხედრო კორტეჟი გადაადგილდებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ კორტეჟში გაერო-ს სამეთვალყურეო მისიის უფროსი, გენერალ-მაიორი რობერტ მუდსიც იმყოფებოდა.
აფეთქება მოძრაობის დროს, მისიის კოლონასა და სამხედრო კორტეჟს შორის არსებულ მანძილზე მოხდა.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავდა ექვსი ჯარისკაცი.
გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი კოფი ანანი სირიაში სამოქალაქო ომის საფრთხის არსებობის შესახებ საუბრობს და ქვეყანაში დამატებით 300 დამკვირვებლის გაგზავნას გეგმავს.

















