60 კილოგრამის ტროტილის ეკვივალენტი იყო მახაჩყალაში განხორციელებული ორი აფეთქება, რომელმაც 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ
რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით „ინტერფაქსი“ იუწყება.
ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის წარმომადგენლების წინასწარი ინფორმაციით, ორივე ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითნაკეთი იყო. მათივე ინფორმაციით, 12 კაცი დაიღუპა, 100-ზე მეტმა კი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
დაღუპულთა შორის არიან რუსეთის ფედერაციის მილიციისა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები და სამოქალაქო პირები.
პირველი აფეთქება მაშინ განხორციელდა, როდესაც გვიან ღამით, მილიციამ ასტრახანი-მახაჩყალას ტრასაზე, დოკუმენტების შემოწმების მიზნით, საგუშაგოსთან მანქანა „ლადა-პრიორა“ გააჩერა. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელთა მისვლის შემდეგ, დაახლობით 15-20 წუთში, მეორე აფეთქება მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა „გაზელში“ იყო ჩამონტაჟებული. სხვადასხვა მონაცემებით, „გაზელი“ საგუშაგოს სიახლოვეს იდგა, სხვა მონაცემით, კი მან შემთხვევის ადგილს ჩაუარა.
მომხდართან დაკავშირებით ტერაქტის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
„ინტერფაქსი“ სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ნაპოვნია უცნობი მამაკაცისა და ქალის სხეულის ფრაგმენტები, რაც ექსპერტების აზრით, იმაზე მეტყველებს, რომ აფეთქებასთან კავშირი აქვთ ტერორისტ-თვითმკვლელებს. ოფიციალურ წარმომადგენლებს ეს ვერსია ჯერ არ წამოუყენებიათ.

















