სირიის არმიამ დღეს საარტილერიო დარტყმები განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ადგილობრივ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად, ათეულობით ადამიანი დაიჭრა. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის განცხადებით, კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის ფარგლებში, ქვეყანაში ცეცხლი შეწყდა. თუმცა, დასახლებული პუნქტებიდან მძიმე ტექნიკა ამ დრომდე არ გაუყვანიათ.
ცხელი წერტილებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანამდე სირიის ხელისუფლება ოპოზიციისგან ცეცხლის შეწყვეტის წერილობით გარანტიას ითხოვს.
კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებული წინადადებების განხორციელებას ითვალისწინებს.
სირიაში წელიწადზე მეტია სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.

















