აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სირიაში არსებულ რთულ და ამ დრომდე დაურეგულირებელ ვითარებას რუსეთს აბრალებს.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ბაშარ ასადის სირიის პრეზიდენტის პოსტზე დარჩენის საშუალებას აძლევს რუსეთის უარი სამშვიდობო გეგმის განხორციელების უზრუნველყოფაში ჩართვაზე. ამის შესახებ "ამერიკის ხმა" იუწყება.
კლინტონის თქმით, ასადი რუსეთის პოზიციით სარგებლობს და იგნორირებას უკეთებს, როგორც თავისი ხალხის, ასევე მთელი მსოფლიოს მოთხოვნებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიმდინარე კვირას ვაშინგტონს ეწვევა და თავის ამერიკელ კოლეგას ჰილარი კლინტონს შეხვდება, სადაც სირიის საკითხებს განიხილავენ.
ასადის ხელისუფლება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოპოზიციის წერილობით გარანტიას ითხოვს და აცხადებს, რომ დასახლებული პუნქტებიდან სამთავრობო ჯარებს არ გაიყვანს.
კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის თანახმად კი, 12 აპრილიდან სირიაში ცეცხლი ორივე მხარემ უნდა შეწყვიტოს.

















