სირიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში შეტაკებების შედეგად 23 ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც „ბი-ბი-სი“ ადგილობრივ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით იუწყება, სამთავრობო ჯარებმა იერიში ჰომსზე, დერააზე და დამასკოზე მიიტანეს.
სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენლის კოფი ანანის სამშვიდობო გეგმით, მთავრობის ჯარები დასახლებული პუნქტებიდან 10 აპრილამდე უნდა გავიდნენ, თუმცა მიუხედავად პრეზიდენტ ბაშარ ასადის დაპირებისა, ქვეყანაში შეტაკებები ამ დრომდე არ წყდება.
ბოლო დღეების განმავლობაში სირიიდან თურქეთში 1 000-ზე მეტი ლტოლვილი გადავიდა
სირიაში არეულობა ერთ წელზე მეტია გრძელდება და მას 9 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

















