იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით წყნარ ოკეანესთან, ფუკუსიმას პრეფექტურის სანაპიროსთან 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ იაპონიის მთავარი
მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება.
მიწისძვრის ეპიცენტრი 50 კმ-ის სიღრმეში მდებარეობს. მიწისქვეშა ბიძგები 18 პრეფექტურაში, მათ შორის იაპონიის დედაქალაქ ტოკიოშიც იგრძნობოდა.
იაპონიის მრეწველობისა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ნაავარიევ ბირთვულ ელექტროსადგურ "ფუკუსიმა ერთზე" შეფერხებასა და დაზიანებაზე ცნობები არ არის. ასევე, არ ვრცელდება ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ.
ამასთან, შესაბამისი სამსახურები ცუნამის საფრთხეს გამორიცხავენ.

















