სტამბულში დღეს "სირიის მეგობართა ჯგუფის" რიგით მეორე შეხვედრა გაიმართება.
დღის წესრიგით მთავარი განსახილველი თემა სირიაში არსებული რთული ვითარებაა, ასევე,
სირიის ხელისუფლების პირობა გაეროს სპეციალური წარმომადგენლის, კოფი ანანის ექვსპუნქტიან სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით.
შეხვედრას სირიის მეგობარი ქვეყნების 70 დიპლომატი დაესწრება.
პირველ შეხვედრაზე, რომელიც ტუნისში უკვე გაიმართა, დიპლომატებმა სირიის მთავრობისადმი დამატებითი სანქციების ამოქმედების საკითხზე იმსჯელეს.
კოფი ანანის გეგმა მძიმე სამხედრო ტექნიკისა და სამთავრობო ჯარების გაყვანას, მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის განხორციელების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
სირიაში წელიწადზე მეტია, რაც სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.

















