სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანის მიერ შემუშავებულ ექვსპუნქტიან სამშვიდობო გეგმას მხარი დაუჭირა.
როგორც "არგუმენტი და ფაქტი" იუწყება, სირიის პრეზიდენტმა დაძაბული ვითარების დასარეგულირებლად ოპოზიციას შეჩერებისკენ მოუწოდა.
ამასთან, ერაყში გამართულ არაბულ სამიტზე, რომელიც დღეს დასრულდა, ლიდერებმა სირიის პრეზიდენტს გაერო-სა და არაბთა ლიგის სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის დაუყოვნებლივ შესრულება მოსთხოვეს.
სირიაში წელიწადზე მეტია ოპოზიციასა და სამთავრობო ძალებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს, რაც შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა. ამის შედეგად უკვე რამდენიმე ათასი ადამიანია სირიაში დაღუპული.
კოფი ანანის გეგმა ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებული წინადადებების განხორციელებას ითვალისწინებს.

















