ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანის სამშვიდობო გეგმას სირიაში შედეგი ჯერ არ გამოუღია.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა გუშინ სირიაში ძალადობისა და დაკავებათა სერიის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ნათელია, რომ ბაშარ ასადი არაფერს აკეთებს კოფი ანანისთვის მიცემული დაპირების შესასრულებლად. იუწყება „ბი-ბი-სი“.
დიპლომატები ბაშარ ასადის მიერ სამშვიდობო გეგმის მიღების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი.
„როგორც ვხედავთ ასადის რეჟიმი არაფერს აკეთებს ექვსპუნქტიანი გეგმის შესასრულებლად. ძნელი დასაჯერებელია, რომ ასადი სერიოზულად უდგება დანაპირების შესრულებას“ - განაცხადა ჰომსის რევოლუციური საბჭოს წარმომადგენელმა დიმა მუსამ.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ბაშარ ასადს მოუწოდა დაუყოვნებლივ გადადგას სათანადო ნაბიჯები.
„დასაკარგი დრო აღარ არის. კოფი ანანი ყველა მხარესთან მუშაობს ამ გეგმის შესასრულებლად. ვაფასებ ამ ურთულეს სამუშაოს და იმ მხარდაჭერას, რასაც საერთაშორისო საზოგადოება ავლენს” - აღნიშნა ბან კი მუნმა.
ოპოზიციის აქტივისტების თქმით, გუშინ ქალაქი ალეპოც იბომბებოდა.
შეიარაღებული შეტაკებების ინტენსივობამ იმატა. სირიაში მსგავსი ვითარება წელიწადზე მეტია გრძელდება.
გაერო-ს მონაცემებით, ამ დროისთვის სირიაში 9000-ზე მეტი დაღუპულია.

















