აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ჯონ ბონერი ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან საუბრის საჯარო განმარტებას სთხოვს.
ბონერის წერილში, რომელიც მან აშშ-ის პრეზიდენტს მიწერა, ნათქვამია, რომ მას აინტერესებს - გეგმავს თუ არა ობამა რაიმე სახის დათმობაზე წასვლას ევროპაში ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებასთან დაკავშირებით.
„იმის გათვალისწინებით, რომ თქვენი მხრიდან გაჩნდა რუსეთისთვის სასარგებლო წინადადებები ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის პოზიციების შესახებ, მიზანშეწონილი იქნებოდა, საჯაროდ გამოგეცხადებინათ, რომ თქვენ სისტემის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით არანაირი სახის ცვლილებას არ გეგმავთ, არც არჩევნებამდე და არც შემდეგ“- ნათქვამია ბონერის წერილში.
მედიამ აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას და რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის კერძო საუბარი გაავრცელა, რომელიც სეულის სამიტზე ერთ-ერთმა მიკროფონმა შემთხვევით ჩაიწერა. საუბრის სტენოგრმა წამყვანმა ამერიკულმა ტელეკომპანიებმაც გაავრცელეს. ობამა მედვედევს ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის საკითხზე ესაუბრა.

















