მსოფლიო ლიდერები სეულის უსაფრთხოების სამიტზე ბირთვული ტერორიზმის საფრთხეების აღმოფხვრის მიზნით მჭიდრო თანამშრომლობის მოწოდებით გამოვიდნენ.
ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ლი მიუნგ-ბაკის განცხადებით, ბირთვული ტერორიზმი კვლავ სერიოზული საფრთხეა.
„ამ მხრივ მთავარი გასაღები მოქმედებაა“ - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.
ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ კი, ჯგუფს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა.
შეხვედრაზე დომინანტი საკითხი ჩრდილოეთ კორეის თანამგზავრზე მსჯელობაა, რის გაშვებასაც ფხენიანი აპრილში გეგმავს.
სამიტის მონაწილეთა გამოსვლებში ირანის ბირთვული პროგრამის თემაც ფიგურირებდა.
შეხვედრაზე მსოფლიო ლიდერები ბირთვული ტერორიზმის საფრთხეებზე, მათ შორის ბირთვული მასალებისა და ობიექტების დაცვასა და ბირთვული მასალებით ვაჭრობის პრევენციაზე მსჯელობენ.
ბირთვული უსაფრთხოების სეულის სამიტში 50-ზე მეტი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლობა მონაწილეობს.

















