ევროკავშირი სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობს.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კეტრინ ეშტონის განცხადებაშია ნათქვამი.
"ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც ეს არჩევნები ჩატარდა" - აღნიშნა ეშტონმა.
უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებული საზღვრების მიმართ კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
"მსურს ხაზგასმით აღვნიშნო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობა ამ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამკვიდრებაში" - ნათქვამია განცხადებაში.
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს არც აშშ აღიარებს. ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვიქტორია ნულანდმა გააკეთა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები 24 მარტს, ხოლო სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 მარტს ჩატარდა.

















