ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბრაკ ობამა ჩრდილოეთ კორეას აფრთხილებს, რომ "მუქარითა და პროვოკაცებით ვერაფერს მიაღწევს". ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.
ობამამ აღნიშნული განცხადება შორს მოქმედი რაკეტის გაშვებასთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კორეის გეგმაზე გააკეთა.
აშშ-ს პრეზიდენტმა სეულში სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან ლი მიუნგ-ბაკთან შეხვედრისას მსოფლიო უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
მათი განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა სანქციებისა და იზოლაციის საშიშროების წინაშე დადგება, თუ ის რაკეტის გაშვების შესახებ გეგმებს არ შეცვლის.
"ჩრდილოეთ კორეამ იცის მისი ვალდებულებები და ამ ვადებულებების შესასრულებლად შეუქცევადი ნაბიჯები უნდა გადადგას. ამ საკითხზე ვაშინგტონისა და სეულის პოზიცია აბსოლუტურად ერთიანია" - აღნიშნა ობამამ.
ჩრდილოეთ კორეა რაკეტის გაშვებას 12-16 აპრილს, ქვეყნის ყოფილი ლიდერის კიმ ილ-სუნგის 100 წლის იუბილეზე გეგმავს.
დღესვე, სამხრეთ კორეის ოფიციალური განცხადება გავრცელდა, რომლის თანახმადაც რაკეტის ძირითადი ნაწილი გაშვების ადგილზე უკვე დამონტაჟდა. ფხენიანში აცხადებენ, რომ რაკეტა ორბიტაზე სატელიტის დასამონტაჟებლად შიექმნა. თუმცა, ექსპერტები საუბრობენ, რომ მრავალსაფეხურიანი რაკეტა საომარი მიზნებისთვისაც შეიძლება იქნას გამოყენებული.

















