ტერორისტის მუჰამედ მერაჰის დასაკავებლად ტულუზაში სპეცოპერაცია გრძელდება. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმებია მობილიზებული.
სპეცოპერაციის დროს გუშინ გვიან ღამით, სამი აფეთქება მოხდა. ასაფეთქებელი ნივთიერება "ალ-ქაიდას" ტერორისტის მუჰამედ მერაჰის სახლთან აფეთქდა - ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სამართალდამცველებს ეჭვი ჰქონდათ, რომ "ალ-ქაიდას" წარმომადგენელს ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა და პოლიციის მხრიდან სახლში შეღწევის მცდელობის შემთხვევაში, ის მას ააფეთქებდა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია რომელი მხარის მიერ მოხდა აფეთქება.
მერაჰმა გუშინ პოლიციელებს მოლაპარაკებების დროს განუცხადა, რომ "ალ-ქაიდას" წევრია და მისი ტერორისტული აქტების მიზანი პალესტინელი ბავშვების გამო შურისძიება და ავღანეთში ქმედებებისთვის ფრანგი ჯარისკაცების დასჯაა.
გუშინ მერაჰი სამართალდამცველებს დაჰპირდა, რომ დღის განმავლობაში ჩაბარდებოდა.
რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ, თუმცა, რეალურად არც ერთი მათგანი არ დადასტურდა.

















