ავღანეთში 16 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამერიკელი სამხედროს რობერტ ბეილსის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მძიმე ამნეზია აქვს.
ჯარისკაცის ადვოკატის განცხადებას "ასოშეისედ პრესი" აქვეყნებს.
უფლებადამცველი თავის განცხადებაში განმარტავს, რომ ინციდენტის დროს ბეილსს მძიმე ამნეზია ჰქონდა და ამდენად, მას ინციდენტის დეტალები არ ახსოვს.
მისივე განმარტებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბეილსი ალკოჰოლური სასმელის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ იყო, არ შეესაბამება სიმართლეს. "მას მხოლოდ რამდენიმე ყლუპი ჰქონდა დალეული" - დასძენს ადვოკატი.
რამდენიმე დღის წინ, ბეილსმა ავღანეთში სამხედრო ბაზა დატოვა და მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევის შედეგად, 16 ავღანელი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც.

















