სირიის დედაქალაქში სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის დღეს დილით კიდევ ერთი შეტაკება მოხდა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
სროლები ქალაქის ყველაზე მეტად დაცულ რაიონ ალ-მეზედან ისმოდა. ალ-მეზე იმ გზაზე მდებარეობს, რომელიც დამასკოსა და ლიბანის დედაქალაქს ერთმანეთთან აკავშირებს და, რომელსაც განსაკუთრებულად იცავენ. აღნიშნულ რაიონშია განთავსებული რამდენიმე საელჩო, სამთავრობო შენობა და მაღალჩინოსანთა სახლები.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
დამასკოში ტერაქტების სერია გასული კვირის ბოლოსაც განახორციელეს, სადაც 30 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. გუშინ კი, ქალაქ ალეპოში აფეთქებები მოხდა.

















