ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ავღანეთში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის მიერ 16 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
პრეზიდენტმა მომხდარს "ტრაგიკული და საშინელი" ფაქტი უწოდა და დამნაშავის დასჯის პირობა დადო. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
16 ადამიანის, მათგან 10 მცირეწლოვნის დაღუპვის გამო, მწუხარება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმაც გამოთქვა- "ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ავღანელ ხალხს და ხელისუფლებას" - დასძინა რასმუსენმა.
როგორც ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ აღნიშნა, ამერიკელი სამხედროს პატიება შეუძლებელია.
აღნიშნულ ფაქტს ავღანეთში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა მოჰყვა. დაძაბულობა პიკს აღწევს. ამერიკელი სამხედროები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

















