ბელორუსის პრეზიდენტმა ალექანდრ ლუკაშენკომ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ გაკეთებული განცხადების გამო, ბერლინის კრიტიკა დაიმსახურა.
მან გარმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გიდო ვესტერველე არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო გაკიცხა.
რამდენიმე დღის წინ, ბელორუს-ევროკავშირის დიპლომატიური კონფლიქტის შესახებ საუბრისას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუკაშენკოს დიქტატორი უწოდა.
ლუკაშენკომ კი პასუხად განაცხადა - "რაც შეეხება იმ ვარდისფერს, თუ ცისფერს, რომელიც დიქტატურის შესახებ საუბრობდა... მისი მოსმენის შემდეგ ვიფიქრე, რომ უმჯობესია დიქტატორი ვიყო, ვიდრე გეი".
გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერტმა ბელორუსის პრეზიდენტი ამ განცხადების გამო გააკრიტიკა. მან აღნიშნა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირადი შეურაცხყოფა, ადამიანის უფლებების მიმართ ბელორუსის პრეზიდენტის დამოკიდებულებას უსვამს ხაზს.
მისი თქმით, გერმანიის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია დარწმუნებულია, რომ ლუკაშენკო საკუთარ თავს დიქტატორად მოიაზრებს.
ევროკავშირსა და ბელორუსს შორის კონფლიქტი გასულ კვირას გამწვავდა. 27 თებერვალს ევროკავშირმა ბელორუსის წინააღმდეგ მორიგი სანქციები მიიღო. ამის პასუხად ბელორუსის ხელისუფლებამ ბრიუსელიდან და პოლონეთიდან საკუთარი ელჩები გაიწვია.

















